თეგი: სერგეი შამბა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. სერგეი შამბას აცხადებს, რომ „აფხაზურ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არსებობს“. „პირველ რიგში, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა და საზოგადოებაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განწყობები არ არის. ჩვენ ძვირი ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის. ამიტომაც ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება. აფხაზეთში არ ვიცი ისეთი პოლიტიკური ძალა, პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც უარს იტყოდა დამოუკიდებლობაზე“, - აღნიშნა სერგეი შამბამ. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.   

სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ცარიელი სიტყვებია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა დანარჩენ საქართველოს შესთავაზა, რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ის რუსულ gazeta.ru-სთან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის, განახორციელოს ინვესტიცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რესპუბლიკების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში. „ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლებოდა ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა იყო საჭირო - ეს თანხა ზუსტად ჯდება ამ ციფრებში. ეს თანხები მოხმარდებოდა ომის დროს მათ მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“ , - განაცხადა სერგეი შამბამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელია პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდეს.

შამბა მედვედევის განცხადებაზე: აფხაზეთში არ არსებობს „პოლიტიკური ძალა“, რომელიც რუსეთთან შეერთებას გვთავაზობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას პასუხობს. „ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ეს ლოგიკური მისწრაფებაა, გაერთიანდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან და ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ არ გვყავს ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას გვთავაზობენ," - განაცხადა შამბამ. შამბას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „ყველა პოლიტიკური ძალა" რუსეთთან მჭიდრო და სამოკავშირეო ურთიერთობას ემხრობა. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს,“ - განაცხადა მედვედევმა.  

სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია

ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია.  „ჩვენ (რუსეთთან - რედ.) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი,“ - განაცხადა შამბამ. რუსული მედიის ცნობით, შამბა ამბობს, რომ რუსული ენის წყალობით, “აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.“ „უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული მომენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა იქონია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის - მწერლების, მხატვრების და სხვა მრავალი ადამიანის ყურადღებას,“ - აღნიშნა შამბამ. შეგახსენებთ, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

თბილისში უპასუხეს შამბას განცხადებას, რომ „კონფლიქტის დასაძლევად საუბარია საჭირო“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“, „აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება“. შამბამ და ყოლბაიამ ჟურნალისტ ვანო ჩოკორაის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხეს. „მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია“, - განაცხადა შამბამ. მისი თქმით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი. „მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე და აფხაზურ საზოგადოებაში ბევრს არ მოსწონს ჩემი პოზიცია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ არის პრობლემა, პირველ რიგში უნდა ისაუბრო. არ არსებობს მეზობელი, ახლობელი ან თუნდაც მონათესავე ხალხები, რომლებსაც ერთმანეთთან არ უომიათ. მთელი ევროპა ამის მაგალითია,“ - განაცხადა შამბამ რადიო თავუსუფლების ცნობით. მისივე განცხადებით, როგორც აფხაზური, ისე ქართული მხრიდან ბევრი ჯერ ისევ აგრესიულადაა განწყობილი. "ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს გაივლის, თუმცა ომიდან დიდი დრო გავიდა, უკვე 30 წელია. შეიძლებოდა, როგორმე დაწყებულიყო გარკვეული მოძრაობები ურთიერთგაგებისკენ, მაგრამ ეს ნელა ხდება. ყოველთვის ვემხრობოდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პრობლემა როგორღაც დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ახლაც ამ აზრზე ვარ. მიმაჩნია, რომ საჭიროა კავშირების სხვადასხვა არხების ამოქმედება. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს კონფლიქტი, ბევრი ისტორიული გარემოებით და განსაკუთრებით ომით წარმოშობილი და ამ კონფლიქტის გადასალახად საჭიროა საუბარი და ურთიერთგაგების გზების ძიება შემდგომი თანაარსებობისთვის“, - განაცხადა შამბამ. მის პოზიციას დაეთანხმა ვახტანგ ყოლბაია. ყოლბაიას თქმით, ასეთივე განცხადებები ასლან ბჟანიას „პრეზიდენტობის“ დასაწყისშიც ისმოდა. „მესმის, საუბარი იყო ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა, კონკრეტულ საქმეში გადაზრდილიყო, მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, სურვილი იყოს და...“ - აღნიშნა ყოლბაიამ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს თქმით, პრიორიტეტი და მთავარი საკითხია, რომ არსებობდეს დიალოგი, რასაც ხელი უნდა შეეწყოს. რაც შეეხება დიალოგის ფორმატს, ის ფორმატს არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს დროის საკითხია. „ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებთან კონტაქტის სხვადასხვა ფორმატები არსებობს, მათ შორის ჰუმანიტარული ხასიათის კონტაქტები. ჩვენ ყველა შესაძლო არხს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენ აფხაზ თანამოქალაქეებს ვაჩვენოთ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების უპირატესობა. რაც შეეხება ფორმატებს, ფორმალურ ფორმატებს და ა.შ. ეს არის მთავრობის კომპეტენცია და მთავრობა ამ პროცესს მიჰყვება. მთავარია ერთი რამ - საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამოდის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. საქართველოს მთავარი მიზანი, ჩვენი ეროვნული ამოცანა ეს არის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნდობის, ურთიერთობის აღდგენა ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში მედიასთან კომენტარში. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრები გალში 2018 წლიდან არ ჩატარებულა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები კი, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. შეხვედრები ამ ეტაპზე მხოლოდ ერგნეთში იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.